ABC News: აშშ უკრაინას სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას გაუგზავნის

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონი სავარაუდოდ, დახმარების უახლოესი პაკეტის ფარგლებში გაუგზავნის უკრაინას ATACMS-ის ტიპის შორი რადიუსის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, რომელსაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ წყარომ ABC News-ს განუცხადა.


2022 წლის ივლისში, ეროვნული უსაფრთხოების საკითებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იყო მზად ATACMS-ის მიწოდებისთვის, იმის შიშით, რომ კონლფიქტი მესამე მსოფლიო ომში არ გადაიზარდოს. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მოკავშირეების ასეთმა უხალისო დამოკიდებულებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს კიევს უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის გათავისუფლებაში.
 
კიევმა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი (Storm Shadow) უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრზე მეტია.

Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.