ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. 

რუსეთის შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ომის ახალი ეტაპის ორი ასპექტიდან, ერთ-ერთია, - მიიჩნევს უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი Europetime-თან ამბობს, რომ მეორე ასპექტი უკრაინის მიმდინარე წარმატებაა.

„უკრაინას სირთულეები შეექმნება რუსეთის თავდასხმებთან გამკლავების თვალსაზრისით, მაგრამ ახლა კიევი უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას იღებს დასავლეთისგან, რომ შეძლოს ასეთ შეტევასთან გამკლავება. ეს თავდასხმები ვერ აჩერებს უკრაინის კონტრშეტევას. დასავლეთი სწორი მიმართულებით მუშაობს, როცა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს, მაგრამ ის მაინც ძალიან ნელი ტემპით უგზავნის უკრაინას იმ იარაღს, რომელიც მას კონტრშეტევის შედეგების და წარმატების დასაჩქარებლად სჭირდება“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.

ჯონ ჰერბსტი უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპზე ამახვილებს ყურადღებას და მის უპირატესობაზე საუბრობს.

„სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან.

  • ჯონ ჰერბსტის შეფასებით, კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა.

შეგახსენებთ, The Wall Street journal-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა იმ შეიარაღების სია, რომელსაც კიევი აშშ-ისგან ითხოვდა.

მათ შორის იყო ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ATACMS-ი. გამოცემა მაშინ წერდა, რომ იმ დრომდე, ვაშინგტონმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ხსენებული შეიარაღების მიწოდებაზე და ამის მიზეზად რუსეთის პროვოცირების რისკს ასახელებდა.

ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.


ასევე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“.

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.