მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია - არის სახლები, რომელიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება.
„მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ გაყვანაზე. კვლავ გრძელდება სტიქიის ზონაში დარჩენილი ადამიანების გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები.
არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მოსახლეობის გამოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეცსაშუალებებით. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი. ამ პროცესებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის წარმომადგენლები, დეპუტატები, მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ადგილზე არის საგზაო დეპარტამენტის და გეოლოგიის სამსახური. გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს შესწავლა იმ ლოკაციების, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა საჭირო იყოს მოსახლეობის ევაკუაცია.
მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. ახლაც არის ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე,” - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია. გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.
„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზად ყოფნაში ვართ,“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
გურიაში სტიქიის ზონაში 8 სექტემბერს სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.