მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას მართავდა, ერთი პირი დააკავეს.
აქციის მსვლელობისას ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე წარწერის გაკეთება სცადა, რა დროსაც, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
„ამ წარწერით ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შევახსენოთ, რომ ის არის რუსი“, - განაცხადა ნარმანიამ, რა დროს, ის პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
„ინტერპრესნის“ ცნობით, აქციის მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს.
გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე.
„პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს.
სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს:
სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება;
საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე.