საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულია ბევრი საერთაშორისო კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი, პრეტენდენტებთან ტექნიკური პირობები დაზუსტდება.
„ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია.
- რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი.
ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან.
შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
გარკვეული კონტექსტი
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად, ელჩის კომენტარის დონეზე, 6 სექტემბერს დაადასტურა.
ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა შტატები ხაზს უსვამს ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას.
„შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.
ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.