დიდმა ბრიტანეთმა 2014 წლის 8 სექტემბრის ბრანებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის საფუძველზეც საქართველო იმ ქვეყნების ან ტერიტორიების სიაშია, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით (შესვლის გარეშე) სხვა ქვეყანაში ტრანზიტის დროს, ტრანზიტული ვიზები დასჭირდებათ.
შესაბამისი ინფორმაცია თავდაპირველად Forbes-მა გაავრცელა, თუმცა დეტალები არ მიუთითა.
- გთავაზობთ იმ ცნობების ჩამონათვალს, რომლის მოძიებაც Europetime-მა ამ დროისთვის შეძლო.
კერძოდ, პორტალ NewlandChase-ის თანახმად, 6 ოქტომბრიდან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებში ტრანზიტისთვის ვიზა დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერი განხორციელდება იმავე აეროპორტში და მგზავრს არ დასჭირდება სასაზღვრო ზონის დატოვება.
შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვინც ბილეთი 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) შეიძინა. ახალი წესები საბოლოოდ 6 ოქტომბერს ამოქმედდება - მანამდე მგზავრებს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში უვიზოდ დარჩენა შეუძლიათ. შეზღუდვები არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან აშშ-ის მოქმედი ვიზა.
- სატრანზიტო ვიზა 48 საათის განმავლობაში გაიცემა.
განმარტებისთვის: თუ მგზავრი 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდება ბრიტანეთის აეროპორტში, საჭიროა ვიზა (Visitor in Transit Visa). ეს წესი მანამდეც მოქმედებდა. თუ მგზავრი 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში ჩერდება და ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლს არ გადის და ტრანზიტით მიემგზავრება სხვა ქვეყანაში ბრიტანეთის გავლით, საჭიროა - Direct Airside Transit Visa.
თქვენ არ გჭირდებათ ტრანზიტული ვიზა, თუ:
- ფლობთ ევროკავშირის „ბინადრობის ბარათს“ (EU Settlement Scheme) ოჯახის ნებართვით.
- ფლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტს, მაგალითად, თქვენ ხართ ლტოლვილი ან მოქალაქეობის არმქონე პირი
- ფლობთ სტანდარტული ვიზიტორის ვიზას
- ფლობთ ქორწინების ვიზიტორის ვიზას
NewlandChase-ის თანახმად, როგორც წესი, ნორმატიული აქტი ბრიტანეთში ძალაში შედის მისი პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში. მიზეზი კი, რის გამოც ეს აქტი უკვე პარლამენტისადმი წარდგენიდან მომდევნო დღეს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ შიშობდნენ, ცვლილების ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მოხვედრისას თავშესაფარს მოითხოვდნენ.
ამასთან, ამავე პორტალის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება შეამცირებს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტის საბაბით, თავშესაფრის მოთხოვნის გამო შედიან.
NewlandChase-ის ცნობით, 2018 წლიდან საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს მუდმივად უკავიათ პირველი ადგილი იმ ერებს შორის, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ბოროტად იყენებენ.
რაც შეეხება 2014 წლის ბრძანებას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც რეგულაციები მოცემულ პერიოდში ეხებოდათ, ამ ბმულზე შეგიძლიათ, იხილოთ.