ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს" [რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია]. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, „მოსავლის მართვის კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.