მთიანი ყარაბაღი რუსული ენისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებას აპირებს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსულს, სომხურთან ერთად, ოფიციალური ენის სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი აწერს ხელს, პარლამენტის საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

კანონპროექტის ავტორები მეორე ოფიციალური ენის შემოტანას ხსნიან აუცილებლობით, შეიქმნას დღის წესრიგი, რომელიც ასახავს "კულტურულ, სამხედრო, ეკონომიკურ კავშირებს" მთიან ყარაბაღსა და რუსეთს შორის, ისტორიულ მეხსიერებას და იმ გარემოებას, რომ მთიანი ყარაბაღის ბევრი მცხოვრებლისთვის რუსული მეორე ენაა.

დოკუმენტის თანახმად, საქმეთა წარმოება მთიან ყარაბაღში განხორციელდება სომხურ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - რუსულზეც. ამავდროულად, წახალისდება ბეჭდური გამოცემების, სახელმძღვანელოების, ცნობარების, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების ორ ენაზე დაბეჭდვაც.