რუსეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების 19 წევრი დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების მომზადება ედებათ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დაკავებების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დააანონსა.

საგამოძიებო უწყებამ დაკავებულების საცხოვრებლებიდან ავტომატური იარაღები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილა და სხვა საბრძოლო იარაღები ამოიღეს. გამოცემა ასევე იუწყება, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებს შორის დაჯგუფება Takfir wal-Hijra-ს წევრებიც არიან. აღნიშნული ორგანიზაცია კი, რუსეთში 2010 წლიდან აკრძალულია. რუსეთის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კრასნოდარის, როსტოვისა და ოკუპირებული ყირიმის მხარეებში დააკავეს.

”ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრი ზომების მიღებას ექსტრემისტული ორგანიზაციების საქმიანობის იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით”, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.