თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო
„საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.
მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განახლება: სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.
რადიო თავისუფლებასთან ის ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითად საჯაროს ხდის 2010-2012 წლებში სააკაშვილის მგზავრობის შესახებ ინფორმაციას მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობა თითქმის კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა.