ბულგარეთში NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 55 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება, იტყობინება ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის მინისტრ თოდორ თაგარეევზე დაყრდნობით.
თაგარევის თქმით, გათვალისწინებულია ყაზარმების, აღჭურვილობის შესანახი შენობებისა და გზების მშენებლობა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სოფიას აქვს საბიუჯეტო თანხები ამ პროექტის განვითარებისთვის, მაგრამ საჭირო რესურსების ნაწილს NATO მაინც უზრუნველყოფს. ბაზის ადგილმდებარეობა ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ მრავალფუნქციური საბრძოლო ჯგუფი, სავარაუდოდ, ორ სამხედრო ბაზაზე, იამბოლის რეგიონში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით განლაგდება. მშენებლობა სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება.
უკრაინული მედია წერს, რომ ოფიცრების უმრავლესობა ადგილზე იტალიიდან ჩავა. NATO-ს ახალ ბაზაზე განლაგებული საბრძოლო ჯგუფი შეასრულებს თავდაცვით ფუნქციებს პოტენციური აგრესორი ქვეყნის საფრთხის შემთხვევაში.
ბულგარეთი აძლიერებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბულგარეთმა დაიწყო თავდაცვისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება. ბულგარეთმა დაიწყო სანაპირო დაცვის რაკეტებით აღჭურვა. როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა დენკოვი მიზნად ისახავს ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოების რუსული გავლენისგან გაწმენდას. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი არ იზიარებს მის შეხედულებებს და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გადამწყვეტ რეფორმებს.
ბულგარეთი NATO-ს წევრი 2004 წელს გახდა.