თოყაევი: შუა დერეფნის გამტარუნარიანობა სავარაუდოდ, ხუთჯერ გაიზრდება

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოაევის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შუა დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა შეიძლება, ხუთჯერ გაიზარდოს.

„ჩვენ ვაპირებთ, სისტემატურად გავზარდოთ მისი გამტარუნარიანობა ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვით და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მოძმე ერებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, რათა აღმოიფხვრას შიდარეგიონული ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორები,“ - აღნიშნა თოყაევმა.


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს კონტინენტალურ სავაჭრო რუკაზე, განაცხადა ასევე ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომან სკლიარმა ყაზახეთ-გერმანულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში, ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების შექმნას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


„დღეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან საქონლის 80 პროცენტზე მეტი ევროპაში ყაზახეთის გავლით ტრანსპორტირდება,“ - განაცხადა სკლიარმა.

სკლიარმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების მოცულობის დადებით დინამიკაზე.


„გასულ წელს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაორმაგდა და დაახლოებით, 1,7 მლნ ტონა შეადგინა, მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, ტვირთბრუნვა 64 პროცენტით გაიზარდა. წელს ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ მარშრუტით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონამდე გავზარდოთ საშუალოვადიან პერსპექტივაში. ყაზახეთი მზადაა, უზრუნველყოს საპორტო საშუალებები მისი გერმანელი და ევროპელი პარტნიორების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა რომან სკლიარმა.

შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.