აშშ-ის ოფიციალურმა პირმა სამშაბათს, 25 ნოემბერს ABC News-ს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა. წყარომ ABC News-ს დაუდასტურა, რომ უკრაინა დათანხმდა ახალ, 19-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს და არა აბუ დაბიში.
ABC News-ი ასევე აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა ორშაბათს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა რუსეთის დელეგაციასთან.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ როგორც წესი, სამხედრო სამსახურის მდივანი არ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ დისკუსიებში, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ სამხედრო პირის ჩართვა დადებითად იყოს აღქმული როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის მიერ. უკრაინაში ვიზიტამდე დრისკოლმა რუბიოსთან და სტივ ვიტკოფთან ისაუბრა, რომელიც ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მუშაობდა.
უკრაინაში ვიზიტის დროს დრისკოლს თან ახლდნენ გენერალი რენდი ჯორჯი, არმიის შტაბის უფროსი, გენერალი კრის დონაჰიუ, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდალი, არმიის მთავარი სერჟანტი მაიკლ ვაიმერი და გენერალ-ლეიტენანტი კურტის ბაზარდი, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამას ხელმძღვანელობს. მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ჟენევაში შემდგომ მოლაპარაკებებში და ისინი ასევე არ არიან ჩართულნი რუს მაღალჩინონებთან აბუ დაბიში გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში.
თავის მხრივ, გამოცემა Politico-ს წყაროების ცნობით, დრისკოლმა აბუ-დაბიში ჩაიტანა უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული გეგმის ის ვარიანტი, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში შეათანხმეს უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას.
გამოცემა Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთანაც. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხზე დაზვერვის სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს. თავისი დელეგაციის აბუ დაბიში ყოფნა არც რუსეთს დაუდასტურებია.
აშშ-ის დელეგაცია დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით, 20 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს სამშვიდობო გეგმა. მანამდე არაერთი მედიასაშუალება ამ 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს NATO-ს წევრი.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც დასაზუსტებელია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ – განუცხადა წყარომ უკვე 25 ნოემბერს ABC News-ს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას გადახედილ გეგმაზე მეტი მუშაობაა საჭირო. ამ შაბათ-კვირის მოლაპარაკებების შემდეგ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ჟენევაში და რა ცვლილებები შეიტანეს გეგმაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.
განახლება: აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით, „უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია, თუმცა ზოგიერთი მგრძნობიარე დეტალი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს, განაცხადა, Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა 25 ნოემბერს.
„არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის.
“ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით.
არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის,” - წერს სპიკერი ქეროლაინ ლევიტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.