ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
სახელწმიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, აშშ-მ სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანასურ არხებზე, რომლებიც უკრანაში ომის გასაგრძელებლად სჭირდება. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან „ეფესბესთან,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.
„პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი სუბიექტი დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, სადაც ფარცხალაძეს 50 პროცენტი ეკუთვნის. ფარცხალაძე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი,“ - წერია დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
სანქციების სიაში მოხვედრილთა საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და ინტერესი, რომელიც შეერთებულ შტატებშია რეგისტირებული, იბლოკება. ასევე იბლოკება ნებისმიერი სახის გადარიცხვა ამ პირებთან ან მათთან, ვინც ამ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებში ფლობს 50-პროცენტიან წილს.
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ, რაშიც ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. თორდია აცხადებდა, რომ თავდასხმა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას უკავშირდებოდა. ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს. 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ყოფილი პროკურორი გაამართლა.