დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია.

17 თებერვლიდან შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარება.

"აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებულ, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში ემსახურება.

სერვისების მიწოდება განახლდა თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრშიც, ასევე ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებშიც.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილებზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით", - ნატქვამია განცხადებაში.