აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შტატების მიერ დღეს, 14 სექტემბერს გამოცხადებული ახალი სანქციების მიზეზსა და მიზნებს განმარტავს. მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაშისა, საქმიანობენ რუსეთის ლითონებისა და სამთო სექტორებში და ეხმარებიან რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში.
„სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედებისთვის.
გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში,“ - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება,“ - აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.