საგარეჯოში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა, 6 არასრულწლოვანი დაშავდა

საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვნები ისხდნენ, ერთ ადამიანს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა ავტომობილში მსხდომი 6 არასრულწლოვანიც, რომლებიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ასაკი 16 წლამდეა.


ყველა დაშავებულს გამოკვლევა უტარდება, თუმცა პირველადი დათვალიერებით მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ მიღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.