„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც მეორე დღეა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან, შეშა და კასრები მიიტანეს.
პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისთან კასრები და შეშა ახალგაზრდებს "დისკოთეკის" გასამართად მაიქვთ.
„არ ვიცი, ერთადერთი, რაც ვიცი, ახალგაზრდებმა მოაწყეს დისკოთეკა. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდულმა მოაწყო დისკოთეკა. დიდი ხანია, აქ არიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და უნდათ, ჰქონდეთ ასეთი ადგილი. გათბობას ემსახურება ალბათ, მე არ მინახავს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.
"თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი
"აღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოლოდინი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვემზადებით ცუდისთვის, ამ შემთხვევაში უგუნური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა მოსამართლეს მიაღებინოს. იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ დავხვდებით ადეკვატურად", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელია უხეშად და საჯაროდ არღვევდა კანონს, რათა მიხეილ სააკაშვილის შემოთვლილი რევოლუციური სცენარი აემუშავებინა.
შგახსენებთ, რომ დღეს სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, მელიას მხრიდან გირაოს გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.
მათი თქმით, ჩახნაშვილი არ არის დამოუკიდებელი მოსამართლე. არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თქვენ მიერ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, აიცილოთ ეს საქმე და საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს.