როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება.
ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე.
„ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი.
და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”.
„თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
„ორივე ჩვენგანმა ვნახეთ, ჩვენი ვიზიტების დროს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობამ და უკრაინის სამხედროებმა შეძლონ დაიცვან და გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან იქ ხალხი, როგორც ვიცით, ნამდვილად ჯოჯოხეთში ცხოვრობს. და უკრაინაში, კიევში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულნი არიან უკრაინიდან, როგორც ე.წ. სამოქალაქო მძევლები, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორი ტერმინია. ისინი სასტიკი მეთოდებით მოწყვიტეს ცხოვრებას, რადგან მუშაობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. გადაასახლეს რუსეთში, სხვა ადგილებში. აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი მათგანია იქ, რადგან წელიწადნახევარია, არამხოლოდ ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. წელიწადნახევარია ეს სოფლები, ეს ქალაქები არ გათავისუფლებულა.
იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ, უნდა გადაილახოს დანაღმული ზონის უზარმაზარი სარტყელი, რომლის უკან რუსი ოკუპანტები არიან გამაგრებულები. ასე რომ, მას სჭირდება სამხედრო სისტემები, იარაღის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დანაღმული ტერიტორიის ამ სარტყლის გადალახვა. ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ეს უაღრესად თანამედროვე იარაღის სისტემები ასევე ძალიან ეფექტიანი იარაღის სისტემებია.
სენსიტიური საკითხებია გასარკვევი და ეს არც ისე მარტივია. ასე რომ, როგორც ფედერალურ მთავრობას, თავდაცვის მინისტრს, კანცლერსა და მე არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე გასული კვირების განმავლობაში და ჩვენ კვლავ და ისევ ნათლად განვაცხადეთ, რომ ინტენსიურ დისკუსიებში ვართ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება თავდასხმებს - შესაძლო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და გერმანულ პრესას ასევე ნათლად ვუთხარი, რომ თავდაცვის უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია, თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევები მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფოებს, რომლებსაც გარედან თავს ესხმიან, აქვთ უფლება, დაიცვან თავი და უპასუხონ. ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ იმას, რაც სამართლებრივად დასაშვებია, ჩვენ ისევ და ისევ განვაცხადეთ, რომ იარაღის მიწოდების საფუძველია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
ეს არის ჩვენი იარაღის მიწოდების საფუძველი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ამ პრესკონფერენციაზეც. საუბარია მსოფლიოს ფართო მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, უკრაინაში მშვიდობისთვის. და ეს ეხება ნდობას. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მათ შორის - და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, სურათი საკმაოდ ნათელია. მაგრამ ჩვენთვის, როგორც NATO-ს პარტნიორებისთვისაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ნდობა მთელ მსოფლიოში, ვენდოთ საკუთარ ქმედებებს და ეს ეხება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით უკრაინელ სამხედროებს, რომ ჩვენი იარაღის მიწოდება შემოიფარგლება მხოლოდ მათი ტერიტორიის, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა ბერბოკმა ვაშინგტონში.