თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
„ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები," - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა.
„კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ [მოვლენების] განვითარებას," - განაცხადა ერდოღანმა.