The Insider: მოლდოვიდან გაძევებული Sputnik-ის რედაქტორი რუსული არმიის პოლკოვნიკია

The Insider-ის გამოძიების ცნობით, რუსული საინფორმაციო სააგენტო "Sputnik Молдова"-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, რომელიც 13 სექტემბერს გააძევეს მოლდოვადან, სავარაუდოდ, რუსული არმიის ოფიცერია. 

რუსული საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემა ასევე წერს, რომ დენისოვს ძალიან ირიბი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო ნაწილი N54777) ოფიცერი, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინტერესების ფარგლებში, ეწევა უცხოური აუდიტორიის დეზინფორმაციას.“

გამოძიების თანახმად, დენისოვი დაიბადა იმდროინდელი უკრაინის სსრ-ის ამიერკარპატების რეგიონში, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში.


1992 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მოსკოვში იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ თანამშრომელი, 2005 წელს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო უწყებრივი ბინა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ საგამოძიებო სამმმართველოში.

The Insider-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, დენისოვი საგამოძიებო სამმართველოდან გადავიდა სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია უცხოური აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე ამტკიცებენ, რომ 2016 წელს დენისოვს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობდა Sputnik-ს რუსეთის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან - მოლდოვაში.


რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან გააძევეს. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო.


„რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.