"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მობილიზებულები არ არიან", - ამის შესახებ ნიკა მელიას სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განაცხადა.
მისი თქმით, მელიას ადვოკატებმა არასწორი ინფორმაციაა გაავრცელეს, თითქოს ნიკა მელიას დაკავების მიზნით პროკურატურამ ვინმე გაგზავნა.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არცერთი კონკრეტული პარტიის ოფისთან, პოლიცია მობილიზებული არ არის. არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ" - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოში, ნიკა მელიას ადვოკატის ბრალდების საპასუხოდ.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული, რაც მიუთითებს, რომ შსს აპირებს მელიას დაპატიმრებას.
"ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ", - განაცხადა მელიას უფლებადამცველმა.
დღეს საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პოლიციას არ გაატანენ. ცისკარიშვილის თქმით, პარტიის ოფისში პოლიციის მისვლის შემთხვევაში, მედია მომსწრე იქნება, თუ როგორ დაიცავს ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს.
"თუ უღირთ, რომ შენობა დალეწონ და შემოვიდნენ, აქ დავხვდებით, ნიკა მელია თავისი ფეხით არ ჩაბარდება", - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.
გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. 16 თებერვლას პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეს სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს, რომელსაც პროკურატურა მოითხოვს. სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.