ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა  „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავი აღნიშნეს

ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის - ლიდერები ე.წ. „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავის აღსანიშნავად პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შეიკრიბნენ.

დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უმასპინძლა, უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი, ანდრეი ბაბიში და იგორ მატოვიჩი დაესწრნენ. მათთან ერთად შეხვედრაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი მონაწილეობდა.

პოლონეთის პრესაში გამოქვეყნებულ წერილში ორბანი წერს, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ამოცანაა, ევროპის კავშირი „გარეშე თავდასხმებისგან“, ასევე „იმპერიის მშენებლობისკენ მიმართული შიდა ტენდენციებისგან“ დაიცვას, ამასთან, დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა.

ორბანის თქმით, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებს გაცნობიერებული აქვთ ევროპის მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობის წილი, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს ემყარება.

ოთხივე ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

„ვიშეგრადის ჯგუფი“ არაფორმალური გაერთიანებაა და ის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელშესაწყობად შეიქმნა.