აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თბილისი-ბაქოს რეისის წინააღმდეგ რადიოსიხშირული ჩარევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა.

„რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა," - აღნიშნულია განცხადებაში.


ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. მისი განცხადებით, “ამ მარშრუტზე რეისის განხორცილებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.“

„მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.


15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშაა. აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა.