ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად,“ - აცხადებენ უწყებაში.

„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აღნიშნავენ უწყებაში.


ამასთან, სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით წერს, რომ „აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.“

„ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის,“ - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა.


დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.


„სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს,“ - ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.


უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ხსენებულ ცნობას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 19 სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება,“ - აღნიშნავენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება.