„უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა მსოფლიოში, თანამოაზრე დემოკრატიებთან“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინისტერიალის ფარგლებში ეს არის პირველი შეხვედრა ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან და მნიშვნელოვანი ეტაპი სამიტის წინ. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავხსნათ ახალი თავი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ურთიერთობებში. ჩვენ გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელთა მოგვარებაც მარტო არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია.
სწორედ ამიტომ გამოვედი NATO2030-ის ინიციატივით. ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი მომავალთან შესაბამისი უნდა იყოს. მე ასევე გამოვედი არაერთი ამბიციური წინადადებით ჩვენი სამიტისთვის მოსამზადებლად. ისინი მოიცავს ძირითად სფეროებს, მათ შორის შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.
ასევე უნდა განვამტიკოცთ ჩვენი მიზნები, როდესაც საქმე ეხება მდგრადობას, რაც ჩვენი თავდაცვის უპირველესი ხაზია. ჩემი წინადადებები ასევე მოიცავს NATO-ს პარტნიორ ქვეყნებში ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების უნარის გაუმჯობესებას, რადგან ეს არის უფრო მდგრადი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობას და ტერორიზმთან ბრძოლას.
მოკავშირეთა პოლიტიკური კოორდინაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა NATO2030 - სთვის, რათა ალიანსი გამოვიყენოთ კონსულტაციისა და კოორდინაციის პლატფორმისთვის, სხვა საკითხებსა და სხვა ფორმატებში. ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა მსოფლიოში, თანამოაზრე დემოკრატიებთან.
ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ წესები, რომლებსაც ძირს უთხრიან ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, მაგალითად, რუსეთი და ჩინეთი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.