7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა. კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხს და რომ სარდლობის შემადგენლობის ცვლილების დროს, საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა. შესაბამისად, ელიეშვილის თქმით, მტკიცებულებებს ხელახლა გამოიკვლევენ.
მოცემულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი, ახალი ჩართულია, შესაბამისად, ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართეს, რასაც მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ის დაუსაბუთებელია.
პროკურორებმა მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევის შემთხვევაში საქმის განხილვის არაგონივრულ ხანგრძლივობაზეც ისაუბრეს.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გაჟღერება პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან პროკურორის თქმითვე, 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება 2007 წელს დაიწყო, თუმცა, 2014 წლამდე არსებითად არაფერი გაკეთებულა, სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წელს დაიწყო, ოთარ ფარცხალაძე კი, გენერალურ პროკურორად 2013 წელს დაინიშნა და მალევე გადადგა.
წიკლაურის თქმით, ადვოკატების მხრიდან ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირება არაა სწორი, რომ მათ პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ და საქმის ფაქტობრივ შინაარსზე ისაუბრონ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, ფარცხალაძე ამ საქმის ფიგურანტია.
„რა არის სპეკულაცია ჩვენი მხრიდან, ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და დაუყოვნებლივ, საქართველოს მოქალაქეობა წაართვა სახელმწიფომ და ის, რომ ფარცხალაძემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ინარჩუნებს, ეს სპეკულაციაა, თუ ფაქტი?! საუბარია ამ საქმის ფიგურანტ „ეფესბეს" აგენტზე. თქვენ თქვით, რომ პოლიტიკური შინაარსი არ უნდა ჰქონდეს ამ შუამდგომლობას და „ეფესბეს" აგენტობა არის სპეკულაცია.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება 2007 წელს არ დაწყებულა გამოძიება, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებაზე დაიწყო და არა - სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფარცხალაძის შემხებლობას, ოთარ ფარცხალაძე ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, იმ დროს ნაძიები ფაქტები ამ საქმეში გაქვთ წარმოდგენილი. „ეფესბეს" აგენტის მიერ დანიშნული პირების მიერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, ასევე მის მიერ იყო დანიშნული, ვინც ბრალს ხელი მოაწერა. ეს სპეკულაცია როგორაა, ფაქტია!"- განაცხადა ბასილაიამ.
„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.