ევროსასამართლომ რუსეთს განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ე.წ.ბორდერიზაციით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს.


საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 14 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დააკისრა რუსეთს 253,018,000 ევროს გადახდა 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.


იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები.

ამდენად, რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.


სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს:

  • 224,25 მილიონი ევრო მინიმუმ 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის - პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის - საკუთრების დაცვის - დარღვევა);
  • 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის - განათლების უფლების - დარღვევა);
  • 5, 172 მილიონი ევრო მინიმუმ 2 586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის - პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების - დარღვევა);
  • 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის - არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის - დარღვევა);
  • 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის - სიცოცხლის უფლების - დარღვევა);
  • 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის - გადაადგილების თავისუფლების - დარღვევა).

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 


საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. მასში ნათქვამი იყო „ქართული მოსახლეობის მასობრივი შევიწროების“, ასევე, „დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკის“ შესახებ ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და საოკუპაციო გასწვრივ. კერძოდ, საქმე ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიკვდილს.