გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის 130-ე მუხლი ევროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ადგენს და ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, აღნიშნულ პრინციპს პატივი სცენ.
„იცოდე ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ადგენს სებ-ის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპს,” - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში და აქვე შესაბამის მუხლის განმარტებას უთითებს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“.
საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს.
ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.
- სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.