შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე.
ოპოზიციის ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა „იმ საკითხს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება.“
„რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში პირველი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15 საათსა და 07 წუთზე შევიდა. შეტყობინების ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც 112-დან, 15 საათსა და 10 წუთზე ინფორმაცია უკვე ჰქონდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციის ადგილობრივ დანაყოფს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, მინიმალურ დროში - 15 საათსა და 12 წუთზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა დაახლოებით ნახევარ საათში, 15 საათსა და 40 წუთზე მივიდა ადგილზე. შესაბამისად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შოვში სამაშველო სამუშაო დაიწყო დაუყოვნებლივ.
მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა, ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16 საათსა და 05 წუთზე მივიდნენ, შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები.
ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები.
„შესაბამისად დასკვნის სახით, დასმულ კითხვაზე მოგახსენებთ, რომ სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებების განხორციელება. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა. შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა,“ - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, შოვში სტიქია სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაიღუპა 32 ადამიანი. ერთი დაკარგული ამ დრომდე არ უპოვიათ.