სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკრიტიკა რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლის ბოლოდან იმყოფება. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. Meduza-ს ცნობით, ფაშინიანის სიტყვებს ინტერფაქსი ციტირებს.
„რუსული პრესა ხშირად წერს, რომ სომხეთი თავისი წარუმატებლობას რუსეთს აბრალებს. საერთოდ ჩვენს წარუმატებლობაში არავის ვადანაშაულებთ. არსებობს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ხელმღვანელების 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი სრულად უნდა იყოს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ, რომ სამშვიდობო კონტინგენტმა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება.
თუ რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ შეთანხმების მიღწევა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა მთიან ყარაბაღს? ამაზე ყველამ ისაუბრა, ჩვენ ვთქვით, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებით არის გარშემორტყმული. რატომ არ იყო მაშინ რუსეთის შუამავლობა? ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაატარეს „ანტიტეროროსტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა. 20 სექტემბრის დილისთვის მთიანი ყარაბაღის დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.