გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ქართული მედიასაშუალებები ადგილიდან იუწყებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მელია, ასევე, პარტიის სხვა წევრები - ბესო გაზდელიანი და ბაჩო დოლიძე პოლიციამ დააკავეს. თავად მელიამ „დაკავებამდე“ განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა. შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ასევე მედიის ცნობით, გლდანში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. თავად ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა.
ეძგვერაძის თქმითვე, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავდახმას დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარს უკავშირებენ, რა დროსაც ეძგვერაძე და ზარნაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.