პრემიერის გადადგომის გამო, შსს-მ მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გადადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგმოასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.