გიორგი გახარია: მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი გადადგომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას

"მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი გადადგომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.