20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას.
უფრო კონკრეტულად, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში გააკეთა. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა.
- ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების, ვაჭრობის და ინვესტიციების, რეგიონული კავშირის მიმართულებები, ყველა ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობისა და მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმების საკითხები.
„ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა დააკონკრეტა, რომ მონაწილე ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ ჰქონდეთ მედეგი, უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის მხარდაჭერა. ეს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად, შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძალისხმევის ნაწილია, („პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფარგლებში) რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრადობას.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.