აშშ-მ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის

აშშ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის მწვანე ეკონომიკაში მდგრადი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას აძლიერებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს თავის მხრივ, მყარ საფუძველს შექმნის რეგიონისთვის, რათა განბლოკოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დინამიკური სავაჭრო დერეფნის მეშვეობით. 20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა C5+1-ის განცხადება გაავრცელა.


ჩვენ განზრახული გვაქვს, დავაჩქაროთ რეგიონული თანამშრომლობა და კავშირები. მივმართავთ ძალისხმევას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ცენტრალურ აზიაში უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, მათ შორის მუდმივ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობისთვის. ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად, აშშ-სა და ცენტრალური აზიის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების ხელშეწყობითა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის რეგიონალური ქსელის შექმნით, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ტრენინგებს გაივლიან ინგლისურ ენასა და პროფესიულ განვითარებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო კერძო საწარმოთა ცენტრი (CIPE) - აშშ-ის სავაჭრო პალატის ფილიალი ასევე იმუშავებენ კერძო სექტორის ბიზნეს პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც C5+1-ის დიპლომატიური პლატფორმას შეავსებს და აშშ-ცენტრალური აზიის ეკონომიკას გააძლიერებს.


სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება და განვითარება.

C5+1-ს ეკონომიკური მიზნების განსახორციელებლად, პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის (PGI) შეაფასებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მასშტაბის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის დასაჩქარებლად.


ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, განვითარების საფინანსო კორპორაციის, აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, რათა მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურას PGI-ს პრიორიტეტებში, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის ტრანსპორტის, სუფთა ენერგიისა და კრიტიკული მინერალების მიწოდებისა და ციფრული კავშირის ჩათვლით.

ჩვენ ასევე გავაგრძელებთ დიალოგს რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და განვიხილავთ კონკრეტულ ქმედებებს C5+1-ს ქვეყნებისთვის, რათა უზრუნველყონ ინკლუზიური, მდგრადი ეკონომიკური განვითარება USAID-ის C5+1 კავშირის მინისტერიალზე, ოქტომბერში.

ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ პარტნიორობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ინვესტიციებს და ისეთ ბიზნესგარემოს, რომელიც უზრუნველყოფს C5+1-ს ქვეყნების ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ეს ასევე მოიცავს მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს, რათა წახალისდეს ინვესტიციები გლობალური გამოწვევების (როგორიცაა, კლიმატის ცვლილება) მოსაგვარებლად, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის კაპიტალის ზრდის მხარდაჭერით,“ - ნათქვამია განცხადებაში.