„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, უარს აცხადებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას.
ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა.
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაზიანებები აღენიშნება, ტანსაცმელი შემოხეული აქვს და ორივე მაჯის არეში შეშუპება - პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება. როგორც ადვოკატი განმარტავს, სამივე დაკავებული პირი უარყოფს რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას პოლიციის თანამშრომლებზე. მისვე თქმით, უბრალოდ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და იყო ემოციური ფონი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიამ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს "დაუყოვნებლივ აცნობა და სწრაფ რეაგირებას ელოდება."