როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას უპასუხა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა.
„წელს მოლდოვა აპირებს, მოაწყოს პირველი აუქციონი დიდი განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში კარგი პრაქტიკის ათვისებით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით (თერმულის - საქართველოდან, ქარის ენერგიის - აზერბაიჯანიდან), შავი ზღვის კაბელის პროექტით.
ამ პროექტზე 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტით და მოველით რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გვქონდეს განახლებადი ენერგია აზერბაიჯან-საქართველოს ზონიდან რუმინეთ-მოლდოვაში.
2022 წლის მარტიდან მოლდოვა და უკრაინა სინქრონიზებულნი არიან ENTSO-E-სთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია,“ - განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.
ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.