გიორგი გახარია: ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ კანონის აღსრულება, თუ ის რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, არის მიუღებელი

"ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

"გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.