პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას.“ გავრცელებულ განცხადებაში ადმინისტრაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ამ ეტაპზე არშეწყვეტასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.

  • მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

P.S.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა,“ - წერია განცხადებაში.


შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.


ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“


საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა.