ირაკლი კობახიძე: ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა

"გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თუ არა თავისი სახე. გუნდის დანარჩენი ნაწილის პასუხი ამაზე იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არაა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება შეუწყობს ხელს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.