მედიის ცნობით, შოვის სტიქიის შესახებ საბოლოო დასკვნაზე შვეიცარიული კომპანიაც იმუშავებს

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ - სახელმწიფო ბიუჯეტი 42 000 ევროს გადაუხდის კომპანია "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის. რადიო თავისუფლების ცნობით, ინფორმაცია ცნობილი გახდა შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი."


შვეიცარიულ კომპანიას, რომელთანაც იგეგმება თანამშრომლობა, საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. "GEOTEST-ი" იყო ჩართული დევდორაკის მყინვარზე მოვარდნილი მეწყრის ანალიზსა და სტიქიის ზონაში განგაშის სისტემის მოწყობის პროცესში. გეოლოგიურ კომპანიას მოქმედი კონტრაქტი აქვს გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც ეხმარება უწყებას დევდორაკზე მოწყობილი განგაშის სისტემის მუშაობაში.


შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქართველ სპეციალისტებს შვეიცარიული კომპანია უნდა დაეხმაროს:

3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური ჯაჭვური პროცესების აღწერაში;
სხვადასხვა ქვეპროცესების (კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, ღვარცოფი და ა.შ) ანალიზსა და მოვლენის მოდელირებაში;
კასკადური მოვლენების შეფასებაში, გენეზის და გამომწვევი ფაქტორების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში;
პოტენციური საფრთხის შეფასებასა და სამომავლო სცენარების განსაზღვრაში;
სცენარების მიხედვით მოდელირებასა და შესაძლო ზეგავლენის ზონების დადგენაში.


ვადა, როდის იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნა შოვის სტიქიის შესახებ, განსაზღვრული არ არის, თუმცა უწყება მიიჩნევს, რომ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვლევები განხორციელდეს სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, რადგან კვლევების ჩატარება ძლიერ გართულდება და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება წლის ცივ პერიოდში მაღალმთიან ზონაში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო."

გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციით, უცხოელი სპეციალისტების ჩართვა დასკვნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ღვარცოფული ნაკადის გადაადგილების სიჩქარის და სტიქიის დაწყებიდან დასახლებულ ადგილამდე მისი მიღწევის დროის დაზუსტების მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევები, რომელშიც გამოყენებულ იქნება მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები და თანამედროვე სამოდელო პროგრამები."


შეგახსენებთ, გურიაში სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შოვში კი, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და 10 სექტემბერს მსხვერპლთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ერთ დაკარგულს ისევ ეძებენ.