Abrams-ის ტიპის პირველი ტანკები უკრაინაშია

პირველი ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკები უკრაინას გადაეცა. New Yourk Times-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Abrams-ი უკვე უკრაინაშია და „ბრიგადების გასაძლიერებლად ემზადებიან.“

„მადლობელი ვარ მოკავშირეების შეთანხმებების შესრულებისთვის!” - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდოდა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა. 


მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს.

„დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა.

ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.