კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - რაც შეეხება იმპიჩმენტს, არაფერს გამოვრიცხავ

„სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ისაუბრა.

რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურას, რაზეც ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, კახა კალაძის თქმით, გამორიცხული არაფერია, რადგან ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

„მე არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ატარებს არა პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის მთავრობა. პრეზიდენტმა კი, თავისი ვიზიტები მთავრობასთან უნდა შეათანხმოს.

„ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას,“ - განაცხადა თბილისის მერმა.