საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, 26 სექტემბერ პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განეხილა. 

ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა მეტი წინსვლისკენ რეფორმების განხორციელების პროცესში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაში. ამავე დროს, რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს შეუქცევად პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.


„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს დღეს, 26 სექტემბერს შეხვდა.