სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.


„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტ, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე,“ – წერს ზურაბიშვილი.


შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს. 


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.