პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გახარია არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომელიც თანამდებობიდან გადადგებოდა.
როგორც Europetime-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ნიკა მელიას თემა იყო წამყვანი გახარიას გადადგომის მოტივაციაში.
„ელემენტარულად, მას ადრეც შეეძლო, განეხილა ეს საკითხი თავის გუნდთან ერთად. ბოლო დროს ისედაც უამრავი ვერსია ჰქონდათ ჟურნალისტებს შიდა დაპირისპირებაზე. ხელისუფლების შიდა სამზარეულოს კარგად არ ვიცნობ. ვერ ვიტყვი ზუსტად. საერთო მდგომარეობისთვის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დარტყმა არის არამარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთვისაც.
გახარია არ ტოვებდა ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას რომელიც, ასეთ მდგომარეობაში, როცა ივანიშვილი წასულია, დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. ამიტომ თქმა იმისა, რომ მესმის რა ხდება, ნამდვილად არ შემიძლია. ველოდები მეტ ინფორმაციას", - განუცხადა პოლიტოლოგმა Europetime-ს
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
„იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.