ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან გამართული შეხვედრის შემდგომ კომენტარში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა შეჩერებულია.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება. რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.

ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


ამ თემაზე კომენტარი ელჩმაც გააკეთა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.

მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია.


2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ - ტექნიკურ დონეზე.

საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში უნდა მიეღო. Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“