გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებაში - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას.


„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა.

განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ცნობით.