მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა

მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის პირველ იანვრამდე შეწყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა.

ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.


მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.